დროს მიჰყვებოდა ჩემი ბავშვობა
და უკან დამრჩა მოგონებებთან.
წლების სიმრავლის ოკეანეში
ხშირად ტივტივებს ლამაზ ფიქრებთან.
მოგონებები გარდასულ დღეთა
ისევ ცოცხლდება ჩემს გონებაში,
ბავშვობა იყო და აღარ მოვა,
გონებიდან ხომ აღარ ამოვა.
სიზმარში ხშირად მომლანდებია;
წინანდლის ბაღის ლაბირინთები,
ცად ატყორცნილი ნაძვის ხეები,
ნაირფერადი ყვავილნარები.
ცაცხვის ხეები სურნელოვანი,
აგავები და მწვანე პალმები,
ბამბუკები და ბზების რიგები,
"ზღარბი" ნაყოფით ცხენისწაბლები,
უთხოვარები,სექვოიები,
შავი მტევნებით წყავის ხეები.
შაშვის გალობა,ბულბულის სტვენა,
ულამაზესი ფარშავანგები.
ნაძვიდან ნაძვზე მხტომი ციყვები,
მკვეთრსუნიანი მაგნოლიები,
იქვე აუზში თეთრი გედები,
ტოტებრქიანი წყვილი ირმები.
სურნელოვანი იასამნები,
ნაირფერადი ვარდის ბუჩქები...
ასეთი მხარე სხვაგან სად არი,
თვით სილამაზით ედემს სადარი...
საბავშო ბაღი და მეგობრები
და მურა დათვი შემოპარული.
ჩვენი შიში და ცრემლის ღვარები
და აღმზრდელები შეშინებული.
ჩემი სკოლა და მასწავლებლები,
ნელი კადრები გაკვეთილების,
სკოლის ეზო და "ასკინკილების"
დიდი უჯრები და "სალა" ქვები.
პალტოს ჯიბეში სამელნეები,
მელნით მოთხვრილი ჩვენი თითები.
დიდი თოვლი და "ჩანთის ციგებით"
მოციგურავე ამხანაგები.
გამახსენდება ყურძნებით სავსე
მანქანები და გზა "დატკბილული",
ჩემი უბანი და მეზობლები,
ჩემი ბავშვობა და სიხარული.
მამა შავი თმით,მწვანე თვალებით,
მეტად ამაყი და ძლიერ მკაცრი,
მეგობრებისთვის "ხეობის ლომი"...
და მე მომინდა ამ დროსთან ომი!
ჩემი ბავშვობის მოგონებები
წარსულ დროიდან ხშირად მეძახის.
ის არ ბერდება,მე კი ვბერდები
და ვცოცხლობთ ერთად,ორივე ერთად.
თავს მახსენებს და ხშირად მეძახის
ჩემი ბავშვობის მოგონებები.
დრომ წაიღო და დრომ წარიტაცა
ჩემი ოცნების ტკბილი ზღაპრები.
დრო ულმობელი,დრო წარმავალი...
დრომ გამომტაცა ჩემი ბავშვობა...
დროს ჩემს წინაშე აქვს დიდი ვალი
და მე მომინდა ამ დროსთან ომი!
თამარ ენუქიშვილი.
2011 წლის 31 ოქტომბერი.
Комментариев нет:
Отправить комментарий